შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს 2026 წლის 3 აპრილიდან ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს მიიღო და 12 თვის განმავლობაში იქნება ძალაში. საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება.
„3 აპრილიდან, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეს ღონისძიება შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს და 12 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება. საქართველოს სხვა მოქალაქეებზე ეს გავლენას არ ახდენს.“, – აღნიშნულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადებაში განმარტებულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის ნაწილია და შვეიცარია ვალდებული იყო, ზომები მიეღო.
„ევროკავშირმა (EU) ცოტა ხნის წინ გააძლიერა ვიზების შეჩერების მექანიზმი მესამე ქვეყნებისთვის, რაც მას საშუალებას აძლევს დროებით დააწესოს ვიზების მოთხოვნები ახალი საფუძვლების შესაბამისად. ესაა მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება ადამიანის და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს ახალი დებულებები საქართველოსთან მიმართებაში ამოქმედდეს. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაყრდნობით, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა.
ევროკავშირის გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს, რომლის მიღებაც შვეიცარიას ევალება. ეს ნაბიჯი გულისხმობს შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას. გარდა ამისა, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების მიზნით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლის მოქმედება შეჩერებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
guardiange

