საქართველო

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდსა და სხვა წევრებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიასა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რეზერვის ახალ კონცეფციას, კრიზისების მართვის მენეჯმენტს, რომელიც საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის 24-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღებაც გაიმართა.

დღესვე, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორი, მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის უფროსი მაიორი შოთა სხირტლაძე ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სახელით მედლით დააჯილდოვა. ამერიკულმა მხარემ მაიორ შოთა სხირტლაძეს გამორჩეული პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობისთვის, წლების განმავლობაში საჩხერის სამთო მოზადების სკოლაში ამერიკელი კადეტების მომზადებისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრება. დაგეგმილია ვიზიტი ქალაქ თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიაგადაშიც.