საქართველო

პაატა ბურჭულაძე: თუ მე მომერივნენ, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება დაცული საქართველოში და ამიტომ, მე ვპირდები ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ფონდ „იავნანას“ თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება, მის წინააღმდეგ, კამპანიაა აგორებული, რასაც, როგორც ბურჭულაძე ამბობს, აქტიური ბრძოლით დაუპირისპირდება.

საქვეყნოდ ცნობილი ოპერის მომღერლის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე, რომელიც საქველმოქმედო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება, უკვე 4 თვეა, არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდება.

„დღემდე არც ერთ პირს ბრალდება არ წაყენებია. არც არის დადგენილი, რაში გამოიხატა ის ზიანი, რომელიც, თითქოს, ფონდმა მიაყენა, კერძო პირებს თუ სახელმწიფოს. მოხდა გარკვეული ორგანიზაციების, მედიასაშუალებების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, რომლებიც შეიცავდნენ იმ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა ჰქონოდა ამ პუბლიკაციის ავტორებს”, განაცხადა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.

თავად ბურჭულაძე კი აპირებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„მე იმდენად ჩემი რეპუტაცია არ მაღელვებს, ჩემი რეპუტაცია კარგად იციან, მე მაღელვებს დღევანდელი საქართველოს მოქალაქის ბედი. თუ მე მომერივნენ, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება დაცული საქართველოში და ამიტომ, მე ვპირდები ჩვენ მოქალაქეებს, რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. მომავალი გეგმა რა არის, ეხლა არიან ჩართულები ავსტრიის ადვოკატები და მე, როგორც ავსტრიის მოქალაქეს, ისინი მიცავენ. ასევე, ჩაერთვება ახლა მიუნხენის ადვოკატურა, რომელიც ძალიან ძლიერია. რამდენიმე ხანში აქ ჩამოვა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აქ, თბილისში შეისწავლის ამ საქმეს და დადებს თავის დასკვნას. ყველა ის ადამიანი, ვინც კი იქნება ბრალდებული, მათ დაეწესებათ სანქციები. ეს გვინდა ჩვენ გავაკეთოთ. ეს რაც შემიძლია მე ჩემს თანამოქალაქეებს, ჩემს ხალხს გავუკეთო – მე მათ არ ვუღალატებ, მე ამას ბოლომდე მივიყვან”, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2″-თან საუბრისას.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება გასული წლის 20 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.