საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს. ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება.
„უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, ვითარება უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა. ეს ელემენტალური ლოგიკაა. მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა. ასე სად წავალთ? ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ. თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება, რაც საინტერესო მხოლოდ თქვენთვისაა, შედეგის თვალსაზრისით კი, ყველასთვის დამაზიანებელია“, განაცხადა ნუკრი ქანთარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში დეპუტატები გუშინ, 19 აპრილს უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა, სხდომა გადაიდო.