საქართველო

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და დაკომპლექტდება ახალი მთავრობა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში, განაცხადა, რომ მის ხელისუფლებას „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოცხადებით ზედმეტი მოუვიდა.

მან თქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნა – „წითლების“ „თეთრებით“ ჩანაცვლება და პირიქით.

მან მიმართა ივანიშვილის ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ არჩევნებს არ გააყალბებინებენ.

„როგორც კი გააყალბებენ, თქვენ [ხალხი] გაიტანთ მანდედად. შორს კი არ ვარ. აქვე ვარ ყურისძირში. რას ჰქვია გააყალბებენ. მართლა ეგეთი ფარჩაკები კი არ ვართ, ივანიშვილს რომ ვგონივართ. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც გაყალბება გამორიცხულია“, თქვა სააკაშვილმა და დაამატა, რომ არაფერზე უკან არ დაიხევს.

„ყველამ დაიოკოს ვნებები, რევანშისთვის თუ ვინმე მოდის, წავიდეს და ცივი წყალი დალიოს. ჩვენი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი განვითარება. მე თუ ვიქნები საქართველოში, ძალიან გვაწყობს დონალდ ტრამპი, რომელთანაც მე კარგად ვარ… ტრამპის პირობებში მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, გვექნებოდა ძალიან კარგი მდგომარეობა“, აღნიშნა სააკაშვილმა ერთ-ერთი მომხმარებლის საპასუხოდ.

ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელის „ტროლებსაც“, მისი სიტყვებით – „შალვა რამიშვილის ფეისბუქ-ბოტებს“ მიმართა და უთხრა:

„ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილს აღარ დასჭირდებით და გადაგაგდებენ ნაგავში“.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკომპლექტდება ახალი მთავრობა.

„2-3 კვირაში ივანიშვილი და მისი მთავრობა არ იქნება ხელისუფლებაში“, აღნიშნა სააკაშვილმა.

„თქვენ ნუ მოელით ჩემგან შურისძიებას“, მიმართა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს.

guardian.ge