საქართველო

მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან არიან გათავისუფლებული.

„იმ მიზნებიდან გამომდინარე რაც ჩვენს მთავრობას აქვს დასახული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე როგორც იმერეთში, ჩვენ საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ მისი მთავრობა მთლიანად ცვლის რეგიონული მართვის სისტემას, რადგან დღეს არსებული სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„ჩვენ ვცვლით მთლიანად რეგიონული მართვის სისტემას, გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, მათ მიეცემათ საშუალება რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზე კი არა ვართ ორიენტირებულები, რომ ძალიან მცირე პერიოდულობით გადაავადგილოთ ადამიანები, არა. ჩვენ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ დავნერგოთ ახალი ეფექტური სისტემა. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიანთი შედეგის ჩვენებას მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სისტემაზე, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი. სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ის ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე პოსტებს შეინარჩუნებენ, მათ ექნებათ საშუალება, პირველ რიგში მოსახლეობას აჩვენონ, რომ ისინი ამ ახალ სისტემაში ეფექტურად ფუნქციონირებენ“, აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, რეგიონული მმართველობა ვერ პასუხობდა შესაბამის მიზნებს, ამიტომ ეს მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადაინაცვლა საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული მართვის მიმართულებას კი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, პრემიერ მინისტრის მრჩეველია რეგიონული განვითარების საკითხებში.

„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც არ სჭირდება წარდგენა, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი  და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალურ მმართველობაში. აქამდე არსებული რეგიონული მმართველობა არ პასუხობდა იმ მიზნებს, რაც მთავრობას გააჩნდა. იმისთვის, რომ ჩვენ ხარისხობრივად შევძლოთ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყევტილება, რომ აღნიშნული სამსახური პირდაპირ დაექვემდებაროს პრემიერ მინისტრს, რომ ჩვენ გვქონდეს პირდაპირი და უკუკავშირი საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, ბატონი სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.