საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
პრემიერის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია “ჯეოსელში” კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას კანდიდატურაა წარდგენილი. იგი მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey”-ის უფროსი პარტნიორია.
საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ დავით ზალკალიანია წარდგენილი.
დანარჩენი 7 სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უცვლელი რჩებიან და ისინი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბახტაძის მთავრობაშიც განაგრძობენ საქმიანობას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.
მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერ მინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
ასევე, ცნობილი ხდება კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც ფუნდამენტური რეფორმები გაატარა სასჯელაღსრულების სისტემაში.