„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტს მიაღწია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
„რამდენიმე წუთის წინ, საქსტატმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7.5%-ს. ასეთი მაჩვენებელი არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის იმის დადასტურება, რომ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება აუცილებლად დაჩქარებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი მაჩვენებელიც არის გაუმჯობესებული – აქ, პირველ რიგში, მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც მინდა შეგახსენოთ, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით არის 50%-ით გაზრდილი, რაც ასევე, ამ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა მცირე მთავრობის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ამ იდეის განხორციელებით სახელმწიფო ბიუჯეტი 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რაც პრემიერის თქმით, სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.
„ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ ზოგადად სახელმწიფოს ზომას ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც შეეხება სამინისტროებს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ჩამოვიყვანოთ სახელმწიფოს როლი მთლიან ეკონომიკაში 3,9%-ზე. ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი მხოლოდ ამ სამინისტროების ხარჯზე. ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად, ზოგადად სახელმწიფოს ბიუროკრატიაზე. აქ იგულისხმება როგორც სამინისტროები, ასევე სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მუშაობენ, ზოგადად. მთელი სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ 3,9 დონეზე. ეს უნდა იყოს ზედა ზღვარი. ეს რას ნიშნავს?!. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ დღესთან შედარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე“, განაცხადა პრემიერმა.