საქართველო

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი

ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფნგზე.

მან თქვა, რომ მთავრობაში ახალი სახეებიც იქნებიან და კონსულტაციები ახალ სახეებთან დაკავშირებით დასრულებულია, თუმცა მან მისი მომავალი მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაამჟღავნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე – დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრიცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი მთავრობის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპ-სთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3.9%-ზე…. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი, სხვადასხვა ინიციატივის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობის აღნიშნული ხედვა საზოგადოების ხედვასთან სრულ თანხვედრაშია.