საქართველო

მამუკა ბახტაძე შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ბოლო ათი წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დაარსებიდან, რომლის ინიციატორიც შვედეთი იყო, ათი წელი სრულდება და ეს თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ამ დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა შეხვედრას გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა უმაღლესი დონის ფორმატი. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც ქვეყანას ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) საქმიანობაზე. პრემიერ მინისტრმა პეტერ ერიქსონს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით SIDA-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნის ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის ნათელი მაგალითია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. განიხილეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.

საუბარი ასევე შეეხო განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებებს და ამ კუთხით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას”, აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.