საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაციასთან დაკავშირებით მერკელს „ერთმნიშვნელოვანი და სწორი გზავნილი ჰქონდა, როდესაც ის მივიდა მავთულხლართებთან“

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით მერკელს „ერთმნიშვნელოვანი და სწორი გზავნილი ჰქონდა არა მხოლოდ თავის საუბარში, არამედ თავის გადაწყვეტილებაშიც, როდესაც ის მივიდა მავთულხლართებთან“.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ჩამოდის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან, თავის თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და როდესაც ჩვენ ვხედავთ გერმანიის სრულ მხარდაჭერას ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ ყველაფერზე. მე მინდა ქალბატონ კანცლერს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. ეს იყო მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვიზიტი. საქართველო და ზოგადად, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ავიდა ახალ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები და ჩვენი მეგობრები და მათ შორის გერმანია, აუცილებლად დაგვეხმარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზნები და ამოცანები იქნება მიღწეული ძალიან მოკლე ვადაში“, განაცხადა ბახტაძემ.