„ლიბერთი ბანკი“ სათავო ოფისში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
„გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათავო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა.
ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით“, – წერია ლიბერთი ბანკის განცხადებაში.

