ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კიმ ჩენ ინმა ჰიპერბგერითი რაკეტების სატესტო ფრენები ჩაატარა და გლობალური არასტაბილურობის ზრდის ფონზე, ხაზი გაუსვა ქვეყნის ბირთვული შეკავების გაძლიერების აუცილებლობას.
იარაღის უკანასკნელი ტესტირება ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი კონფერენციის წინ აშშ-ის მიერ წამოწყებული საფრთხეების ესკალაციის ფონზე ხორციელდება. სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ მათ ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე გაშვება დააფიქსირეს, რაც ამ ქვეყნებმა დაგმეს, როგორც დესტაბილიზაციის გამომწვევი პროვოკაცია.
რაკეტების გაშვება აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დატყვევებიდან რამდენიმე დღეში მოხდა – მოვლენა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონის მზადყოფნის დასტურად მიიჩნევს, გამოიყენოს ძალა მოწინააღმდეგე მთავრობების დასამხობად.
სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტების გაშვების მიზანი ოპერატიული მზადყოფნის შემოწმება და ჩრდილოეთ კორეის შემაკავებელი ძალის სანდოობის განმტკიცება იყო. კიმ ჩენ ინი ამტკიცებს, რომ ბოლოდროინდელმა საერთაშორისო კრიზისებმა ხაზი გაუსვა შეტევითი იარაღის განახლების აუცილებლობას.
ანალიტიკოსების თქმით, ვენესუელაში არსებული ვითარება, სავარაუდოდ, აძლიერებს ფხენიანის რწმენას, რომ ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული იარაღი აუცილებელია უცხოური ინტერვენციის შესაკავებლად და რეჟიმის გადარჩენის უზრუნველსაყოფად.
„დღევანდელი წვრთნებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეროვნული თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ამოცანა შესრულდა. ჩვენ მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ სამხედრო საშუალებები, განსაკუთრებით შეტევითი იარაღის სისტემები“, – ციტირებს კიმ ჩენ ინის სიტყვებს ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.
მოქმედი ჰიპერბგერითი იარაღის ფლობა ჩრდილოეთ კორეას აშშ-ისა და სამხრეთ კორეის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარების გარღვევის შესაძლებლობას აძლევს. ფხენიანმა ბოლო წლებში ჰიპერბგერითი იარაღის არაერთი გამოცდა ჩაატარა, თუმცა ბევრ უცხოელ ექსპერტს ეჭვი ეპარებოდა, რომ ფრენების დროს მათ სასურველ სიჩქარეს და მანევრირებას მიაღწიეს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ჩრდილოეთმა ჩრდილოეთმა გამოსცადა შორი მოქმედების სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები და ახალი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები და გამოავლინა აშკარა პროგრესი თავისი პირველი ატომური წყალქვეშა გემის მშენებლობაში.
დამკვირვებლების თქმით, ჩრდილოეთ კორეა იარაღის განვითარების სფეროში მიღწევების დემონსტრირებას საგანგებოდ ახდენს მმართველი პარტიის მომავალი ყრილობის წინ, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი ასეთი ტიპის ყრილობა იქნება. ყველას ყურადღება იმაზეა მიპყრობილი, გამოიყენებს თუ არა კიმ ჩენ ინი აღნიშნულ ყრილობას აშშ-სთან ურთიერთობებისადმი ახალი მიდგომის გასაჟღერებლად და დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული მოლაპარაკებების გასაახლებლად.
GUARDIANGE

