საქართველო

კახა კალაძე: თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი აშენდება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი აშენდება – ე.წ დიღმის ჭალებზე, მტკვრის პირას, „სადაც ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება“, მეორე კი თემქის ხევში, რომლის „გარშემო დაახლოებით 80 ათასი მცხოვრებია“ და რომელიც თბილისის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს.

„დღეს მე მინდა შევეხო ორ ძალიან საინტერესო პროექტს. ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით ვიწყებთ კვლევას. კონკრეტულად ეს არის, ე.წ დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება – მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ და მეორე, ე.წ. თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შებამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს – მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მე მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია ჩვენ საქალაქო პარკი განვათავსოთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა მიმდინარე წელს წარმოდგენილი იყოს ასევე თბილისის დიდი პარკების რეაბილიტაციის გეგმა. „12-ივე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, წელს პროექტები მომზადდება“, აღნიშნა თბილისის მერმა.