აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში ანტისამთავრობო პროტესტი ძლიერდება – ტრამპი აცხადებს, რომ „აშშ მზადაა დასახმარებლად“, აშშ-ში მცხოვრები ირანის ტახტის მემკვიდრე რეზა ფეჰლავი კი, არწმუნებს თანამემამულეებს, რომ მალე მათ გვერდით იქნება

ირანში მომიტინგეები შაბათს ღამით მთავრობის მიერ სასიკვდილო დარბევის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უსაფრთხოების ძალების ჩარევის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

BBC-ის მიერ ნანახი დადასტურებული ვიდეოები და თვითმხილველების ჩვენებები, როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ მთავრობა აძლიერებს რეაგირებას, რადგან ის განაგრძობს ინტერნეტის ფართომასშტაბიან გათიშვას.

ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამად მოვაჰედი აზადმა, შაბათს, 10 იანვარს, განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, „ღვთის მტრად“ ჩაითვლება – დანაშაულად, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.  ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დემონსტრაციების დაწყებიდან, სავარაუდოდ, ასობით მომიტინგე დააკავეს.

თავდაპირველად ირანელების მასობრივი პროტესტი მაღალმა ინფლაციამ და ფასების ზრდამ გამოიწვია და ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. ახლა კი, მომიტინგეები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სასულიერო მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.

ხამენეიმ დემონსტრანტები „ვანდალების ჯგუფად“ მოიხსენია, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მოსაწონად“ მოქმედებას ცდილობენ.

ირანის მთავრობამ პროტესტის შესაჩერებლად ინტერნეტი გათიშა. ირანის მონაცემთა ინფრასტრუქტურას მკაცრად აკონტროლებენ სახელმწიფო და უსაფრთხოების ორგანოები. ინტერნეტზე წვდომა ძირითადად შემოიფარგლება შიდა ინტრანეტით, გარე სამყაროსთან შეზღუდული კავშირებით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობამ თანდათანობით შეზღუდა გლობალურ ინტერნეტზე წვდომა. თუმცა, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ხელისუფლებამ პირველად არა მხოლოდ დაბლოკა მსოფლიო ინტერნეტზე წვდომა, არამედ მკაცრად შეზღუდა შიდა ინტრანეტი.

ექსპერტმა BBC Persian-ს განუცხადა, რომ ამჟამინდელი შეზღუდვები უფრო მკაცრია, ვიდრე სამი წლის წინ „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ აჯანყების დროს დაწესებული. ინტერნეტ მკვლევარმა ალირეზა მანაფიმ განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტი, ნებისმიერი ფორმით, ახლა „თითქმის მთლიანად გათიშულია“.

მან დასძინა, რომ გარე სამყაროსთან დაკავშირების ერთადერთი სავარაუდო გზა Starlink-ის საშუალებით იყო შესაძლებელი, თუმცა მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან შესაძლოა, მთავრობას შეეძლოს ასეთი კავშირების კვალის დადგენა.

BBC-ს და სხვა საერთაშორისო მედია ორგანიზაციების უმეტესობას ასევე არ შეუძლიათ ირანიდან რეპორტაჟების გაშუქება, რაც ინფორმაციის მოპოვებასა და გადამოწმებას ართულებს.  მიუხედავად ამისა, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები და BBC ადგილზე მყოფ ადამიანებს ესაუბრა.

10 იანვარს, საღამოს, გადამოწმებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იკავებენ მომიტინგეები თეირანის გიშას რაიონის ქუჩებს. რამდენიმე ვიდეო, რომელიც BBC Verify-მ გადაამოწმა და მისი ნამდვილობა დაადასტურა, ასახავს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს ვაკილ აბადის ბულვარში, ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში.

ნიღბიანი მომიტინგეები ნაგვის ურნებსა და კოცონებს აფარებენ თავს, შორიდან კი უსაფრთხოების ძალების რიგი ჩანს. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსს წააგავს, ცეცხლის ალშია გახვეული.

მწვანე ლაზერის სხივი ანათებს ადგილს, როდესაც ისმის რამდენიმე გასროლის ხმა და ქვაბებსა და ტაფებზე ბრახუნის მსგავსი ხმა.

კადრში ჩანს ახლომდებარე ხიდზე მდგომი პირი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ისვრის იმ დროს, როდესაც რამდენიმე ადამიანი ბულვარის გვერდით ღობის უკან იმალება.

დედაქალაქ თეირანიდან სხვა ვიდეოებიც გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში, რომლის ნამდვილობაც BBC Verify-მ დაადასტურა, ჩანს მომიტინგეების დიდი ჯგუფი და ბრახუნის ხმა დასავლეთ თეირანში, პუნაკის მოედანზე, რომელიც ამ კვირაში საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ცხელ წერტილად იქცა.  კიდევ ერთი კლიპი, რომელიც გადაღებულია თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰერავის რაიონში და დადასტურებულია BBC Persian-ისა და BBC Verify-ის მიერ, ასახავს მომიტინგეთა ჯგუფს, რომელიც გზაზე მსვლელობით მიემართება და სასულიერო წყობილების დასრულებას მოითხოვს.

„აშშ მზადაა დასახმარებლად“

შაბათს ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ირანი თავისუფლებას უყურებს, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს. აშშ მზადაა დასახმარებლად!!!“  მან დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აშშ-ის მედია იტყობინება, რომ ტრამპს ქვეყანაში სამხედრო დარტყმების ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად განცხადება. „ირანელი ხალხისთვის: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება“.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა „შენიშნა“ მათი „მამაცობა და ჩაგვრის დასრულების სურვილი“. „დახმარება გზაშია“, – დასძინა მან იმავე პოსტში.

მანამდე მან განაცხადა: „რეჟიმის ხელმძღვანელობას: თქვენი სისასტიკე ირანის დიდი ხალხის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება“.

11 იანვარს, კვირას, როცა ირანში თენდებოდა, ქვეყნის უკანასკნელი შაჰის (მეფის) უცხოეთში გადახვეწილმა ვაჟმა, რეზა ფეჰლავიმ , რომლის დაბრუნებასაც მომიტინგეები ითხოვდნენ, X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.

„იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში ამაყად გასძახიან თქვენსავე მოწოდებებს… განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს ენით აღუწერელ სიმამაცეს და გამოაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ“.

მან დაამატა: „ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“.

აშშ-ში მცხოვრები რეზა ფეჰლავი, რომელიც 1960 წელს დაიბადა და ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად, 1979 წლის თებერვალში ტახტიდან მამამისის, ირანის უკანასკნელი შაჰის, მუჰამედ რეზა ფეჰლავის ჩამოგდების დროს, 19 წლის იყო, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბრუნებისთვის ემზადება.

მან თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკას „დაქირავებული მუშაკების სერიოზული დეფიციტი“ აწუხებს და რომ „ბევრმა შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა დატოვა სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილა ხალხის ჩახშობის ბრძანებებს“. BBC-მ ამ განცხადების გადამოწმება ვერ შეძლო.

ფეჰლავიმ თანამემამულეებს მოუწოდა, კვირა საღამოსაც განაგრძონ პროტესტი, თუმცა ჯგუფებად ან ხალხმრავლობაში დარჩნენ და „სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდონ“.

GUARDIANGE