აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონიაში რეკორდული დიდთოვლობის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის ზოგიერთ ნაწილში დიდთოვლობის გამო დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ ქალაქში 183 სმ (72 ინჩი) თოვლი დაფიქსირდა, რაც ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იაპონიის მთავრობის ცნობით, ორკვირიანმა ძლიერმა თოვამ ქვეყანაში ქაოსი გამოიწვია, დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი, 200 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში განსაკუთრებით ძლიერმა თოვამ ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სახლებში თოვლის საფარის ქვეშ მოატნია და შიგ ჩამარხა, გამოიწვია სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევები და მგზავრების შეფერხება.  იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს, 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 იანვრიდან დაღუპულთა რიცხვმა 30 ადამიანს მიაღწია.

იანვრის ბოლოს ამინდის გაუარესებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია და ჰოკაიდოში, ნიუ ჩიტოსეს აეროპორტში ათასობით მგზავრი გაიჭედა. მთავრობამ განაცხადა, რომ ჯარისკაცები ყველაზე მეტად დაზარალებულ პრეფექტურებში განლაგდნენ, რათა ხანდაზმული ადამიანების სახლების სახურავებიდან თოვლი გაწმინდონ.

ოფიციალური პირების ცნობით, ცენტრალურ იაპონიაში, ნიიგატას პრეფექტურაში, დიდთოვლობის გამო 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისი სახლი სახურავზე დაგროვილი თოვლის სიმძიმის შედეგად ჩამოინგრა.

ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აომორიში, რომელსაც ხშირად მსოფლიოში ყველაზე თოვლიან ქალაქს უწოდებენ, კვირას, 1-ელ თებერვალს, თოვლის საფარმა 183 სანტიმეტრს მიაღწია, რაც 1986 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„არსებობს გარდაუვალი სიცოცხლისთვის საშიში კრიზისები, როგორიცაა სახურავებიდან თოვლის ცვენითა და სახლების ჩამონგრევით გამოწვეული ფატალური უბედური შემთხვევები“, – განაცხადა აომორის პრეფექტურის გუბერნატორმა, სოიჩირო მიაშიტამ ორშაბათს, 2 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე.

NHK-ის ცნობით, პრეფექტურაში ამ დროისთვის ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 91 წლის ქალი, რომელიც 3-მეტრის სიმაღლის თოვლში დამარხული იპოვეს, ახლოს კი ნიჩაბი ედო. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მანქანები, ხეები და სახლები, რომლებიც თოვლის უზარმაზარი საფარშია ჩაფლული.

სამშაბათს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მთავრობა კატასტროფებზე რეაგირების ზომებს ახორციელებს და მოუწოდა ხალხს, ყურადღებით დააკვირდნენ ამინდის პროგნოზს.  სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ პრეფექტურებში მომდევნო დღეებში ისევ თოვაა მოსალოდნელი.

იაპონია ცნობილია ზამთრის ზვავებითა და წყალდიდობებით, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ პრეფექტურებში.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ