საქართველო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ სცნეს.

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“, განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.