საქართველო

„ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან“ – მიხეილ სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების შესახებ „ბოროტ აფიორას” უწოდებს.

„მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა. ბოროტია იმიტომ, რომ – არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით კვებო. მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი და უკვე დიდი სიცრუეა, მაქსიმუმ „ქართუს” ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად.

საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია, არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, ბევრად ნაკლებზეა. იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა იმიტომ, რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი, იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე…. თორემ, სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის, ეს არ ეხება მთლიან საქართველოს.

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული – აღმოჩნდა ბლეფი; გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, მერე თქვა, რომ შემეშალა; დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა.

მოკლედ, ეს კაცი ბაძავს ნამდვილად პაბლო ესკობარს, პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოტრაფიკერი, რომელმაც თქვა, რომ თუ გავიმარჯვებ არჩევნებში გადავიხდი კოლუმბიის საგარეო ვალს, ოღონდ უნდა გამაშენებინოთ ნარკოპლანტაციები მთელ კოლუმბიაში. მგონი, ჩვენმა ხალხმა მშვენივრად იცის, ანუ 15 დეკემბრის შემდეგ – „პოსლეზე მოგიტანთო.“ ერთი რამ მინდა ვურჩიო ჩვენს ხალხს, ივანიშვილის „პოსლეზე“ რა ღირს, მე მგონი, თქვენ კარგად იცით, მოატანინეთ ყველაფერი. რისი წაგლეჯვაც შეგიძლიათ დღეს. სიმართლე ვთქვათ, დღევანდელი ე.წ. ინიციატივა ბევრად ნაკლებია 5 კგ კარტოფილი თუ ხახვი”, განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში ჩართვისას.