საქართველო

ეროვნული ბანკი: CIPS-ი განიხილება, როგორც გადახდების დამატებით საშუალება, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს.

სებ-ის ცნობით, ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი – კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS-ი თითქოსდა SWIFT-ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს  SWIFT-ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS-ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის – 261, ჩრდილოეთ ამერიკის – 34, სამხრეთ ამერიკის – 34, ავსტრალია/ოკეანეთის – 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით, ისევე როგორც, შესაძლოა, სხვა რეგიონული საგადახდო სისტემებით“, – აცხადებენ სებ-ში.

სებ-ის განცხადებით, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT-ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.

„CIPS-ი  ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი  მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS-ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT-ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT-თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT-ის ახალი ფორმატის – ISO 20022-ის დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT-ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT-ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.