აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტაივანისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ტაივანისთვის იარაღის პაკეტის დამტკიცებაზე ამ ზაფხულს, რადგან ის ცდილობს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და სი ძინპინთან სამიტის გამართვაზე მოლაპარაკებას.
ანონიმურობის პირობით წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება აჩვენებს ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას.
გავრცელებული ცნობებით, დაგეგმილი სამხედრო პაკეტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს აღემატება და ის უნდა ყოფილიყო იმაზე ლეტალური, ვიდრე ტაივანისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების წინა პაკეტები.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტაივანის დახმარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ვაშინგტონში ტაივანის არაოფიციალური წარმომადგენლობამ „ვაშინგტონ პოსტს“ კომენტარზე უარი უთხრა.
აშშ მრავალი წელია გამოყოფს რესურსებს ტაივანის თავდაცვისთვის, ჩინეთი კი აძლიერებს ძალებს და მეტ სამხედრო წვრთნას მართავს კუნძულის გარშემო. ამერიკელი სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სი ძინპინმა დაავალა შეიარაღებულ ძალებს, 2027 წლისთვის მზად იყვნენ ტაივანის დასაკავებლად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პეკინს შეჭრის გადაწყვეტილება მიღებული აქვს.