ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა.
„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ ახლა – არა”, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
დონალდ ტრამპსა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის დღეს, 12 ივლისს, ნატო-ს სამიტზე მოკლე შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.