აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ჩინურ იმპორტზე ტარიფების შემცირებას აანონსებს და ჩინეთის იშვიათ მინერალებზე აშშ-ის წვდომას მოგვარებულად აცხადებს

სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ხელი მოაწეროს სავაჭრო ხელშეკრულებას ჩინეთთან „საკმაოდ მალე“.

მან გამოაცხადა დაბალი ტარიფები ჩინურ იმპორტზე და აღნიშნა, რომ აშშ-ის იშვიათ მინერალებზე ხელმისაწვდომობის საკითხი მოგვარებულია.

როგორც BBC იუწყება, ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სი ძინპინთან შეხვედრაზე. იგი ჟურნალისტების შეკითხვებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პასუხობდა, მაგრამ მწირი დეტალები მიაწოდა მათ იმ საკითხებზე, რაზეც სავარაუდოდ, ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ.

იშვიათი მინერალებით ვაჭრობის საკითხი „მოგვარებულია“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ „ჩინეთიდან აღარ არსებობს საგზაო ბლოკი“. პეკინი ფლობს მონოპოლიას კრიტიკული მინერალების გადამუშავებაზე და ბოლო კვირებში გაამკაცრა კონტროლი იშვიათი მინერალების ექსპორტზე. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რას მოჰყვა ეს „შეთანხმება“.

ვაშინგტონი შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომელიც ადრე ამოქმედდა აშშ-ში ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ტრამპის თქმით, აშშ და ჩინეთი „ერთად იმუშავებენ“ უკრაინის ომზე, მაგრამ ტაივანის საკითხი საერთოდ არ უხსენებიათ მათი შეხვედრისას.

მან ასევე შეაფასა მოლაპარაკებები, როგორც „დიდი წარმატება“ და „საოცარი შეხვედრა“ და დასძინა, რომ ის ეწვევა ჩინეთს მომავალი წლის აპრილში, რის შემდეგაც უკვე ამერიკაში სი ძინპინის ვიზიტი შედგება.

მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ელოდება „ძალიან წარმატებულ შეხვედრას“ და დასძინა, რომ სი ძინპინთან „ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა“ ჰქონდა.

მან ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „ძალიან წარმატებული შეხვედრა გვექნება. თუმცა, ის ძალიან რთული მომლაპარაკებელია, რაც კარგი არ არის. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა“.

ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან, ხელახალი არჩევის შემდეგ, სამჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი და მიმოწერა და მისთვის დიდი სიამოვნებაა ტრამპის ხილვა.

„ეს ნორმალურია, რომ მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას აქვს დაპირისპირება დროდადრო. ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ პარტნიორები და მეგობრები. ამას ისტორია გვასწავლის და ამას რეალობა მოითხოვს“, – თქვა სი ძინპინმა და დაამატა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა „განაგრძოს სვლა სწორი კურსით“.

GUARDIANGE