აშშ მართავს ვენესუელას, ვიდრე უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გარდამავალ პერიოდს არ უზრუნველვყოფთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამიტომ, ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა ვინმე ჩაერიოს და იგივე მდგომარეობა შეიქმნას, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. ახლა უკვე იქ ვართ. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით, ვიდრე არ გვექნება მართვა, ფაქტობრივად, ვიდრე [ხელისუფლების] უსაფრთხო, სათანადო და სამართლიანი გადაცემა არ მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობა“ ვენესუელის ხალხს „მდიდარს, დამოუკიდებელსა და უსაფრთხოს“ გახდის.
ტრამპმა მადუროს „უკანონო დიქტატორი“ უწოდა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ში „მომაკვდინებელი უკანონო ნარკოტიკების კოლოსალური რაოდენობის“ შეტანაზე. მან აშშ-ის სამხედრო ხომალდზე მყოფი, თვალებახვეული და ხელბორკილებიანი ნიკოლას მადუროს ფოტო გამოაქვეყნა.
ტრამპის თქმით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შეტევის განსახორციელებლად საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო აღჭურვილობის უზარმაზარი სამხედრო ძალა გამოიყენეს.
„ეს იყო ისეთი შეტევა, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ. ეს იყო ოპერაცია კარაკასის გულში კარგად გამაგრებული სამხედრო ციხესიმაგრის წინააღმდეგ, რათა არაკანონიერი დიქტატორი ნიკოლას მადურო სამართლიანობის წინაშე წარედგინათ. ეს იყო ამერიკული სამხედრო ძალისა და კომპეტენციის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი, ეფექტური და ძლიერი ძალის დემონსტრირება ამერიკის ისტორიაში. ჩვენ კიდევ რამდენიმე კარგი ოპერაცია ჩავატარეთ. მაგალითად, სოლეიმანზე თავდასხმა, ალ-ბაღდადზე თავდასხმა, ირანის ბირთვული იარაღის განადგურება „შუაღამის შუბის“ სახელით ცნობილი ოპერაციის ფარგლებში. ყველაფერი იდეალურადაა შესრულებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ვერცერთი ერი ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მოკლე დროში მიაღწია.
„ვენესუელის ყველა სამხედრო პოტენციალი უძლური გახდა, როდესაც ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობდნენ, წარმატებით დააკავეს მადურო ღამის სიბნელეში. კარაკასის შუქები ძირითადად ჩამქრალი იყო. ეს იყო ბნელი და მომაკვდინებელი. იგი მის მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად დააკავეს და ახლა ორივე ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე არიან წარდგენილი. მადუროს და ფლორესს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო ნარკოტერორიზმის კამპანიისთვის ბრალი ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში წაუყენეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ნიუ იორკში მადუროს ნარკოტიკებითა და იარაღთ უკანონო ვაჭრობის ბრალდება ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, მადურო „ამერიკული მართლმსაჯულების სრული რისხვის წინაშე დადგება“. მანამდე მადურომ უარყო, რომ ნარკოკარტელის ლიდერი იყო.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში წაუყენეს ბრალი.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
„ისინი მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას შეხვდებიან ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამბედაობისთვის და უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც ჩაატარეს წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკოტრეფიკერის დასაკავებლად“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, არც ერთი ამერიკელი სამხედრო პირი არ დაღუპულა კარაკასში განხორცეილებული ოპერაციის დროს და აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ვენესუელაზე მეორე „გაცილებით მასშტაბური“ თავდასხმა განახორციელოს.
ტრამპის თქმითვე, ამერიკული ნავთობკომპანიები აღადგენენ ვენესუელას „დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“ და „დაიწყებენ ფულის გამომუშავებას ქვეყნისთვის“.


