ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დეპარტამენტს დაავალა ხუთი დღით გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი გაიმართა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული და საბოლოო გადაწყვეტის შესახებ.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საომარი მოქმედებების სრული და საბოლოო გადაწყვეტის შესახებ. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასნიმის“ ცნობით, ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.
უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა ჟურნალისტს განუცხადა: „ტრამპმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან უკან დაიხია, რადგან ირანის სამხედრო მუქარა სანდო გახდა“.
მან განაგრძო: „ფინანსურ ბაზრებზე ზეწოლა და შეერთებულ შტატებსა და დასავლეთში ობლიგაციების საფრთხე გაიზარდა და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ უკან დახევისთვის“.
უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ომის დაწყებიდან დღემდე, თეირანში რამდენიმე შუამავლისგან შეტყობინებები იგზავნებოდა, რომელთა მკაფიო პასუხიც იყო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვას მანამ, სანამ საჭირო შეკავებას არ მივაღწევთ“.
მან დასძინა: „არ ყოფილა და არც მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება და ამ ტიპის ფსიქოლოგიური ომის პირობებში არც ჰორმუზის სრუტე დაუბრუნდება ომამდელ მდგომარეობას და არც ენერგეტიკულ ბაზრებზე მშვიდობა იქნება. ტრამპის ხუთდღიანი ულტიმატუმი ნიშნავს ამ რეჟიმის მიერ ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გეგმის გაგრძელებას და ჩვენ განვაგრძობთ რეაგირებას და ქვეყნის ფართოდ დაცვას“.
GUARDIANGE

