აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: აშშ ირანში „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების“ ჩატარებას განაგრძობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  საპატიო მედლის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა „ოპერაცია ეპიკური მრისხანების“ შესახებ „მოკლე განახლებით“ დაიწყო.

მისი თქმით, აშშ ირანში „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების“ ჩატარებას განაგრძობს, რათა ირანის რეჟიმის მხრიდან წარმოქმნილი საფრთხეები აღმოიფხვრას.

მან აღნიშნა, რომ ირანმა უგულებელყო აშშ-ის გაფრთხილებები და „უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის შეწყვეტაზე“.

მისი თქმით, ბირთვული იარაღითა და შორი მოქმედების რაკეტებით შეიარაღებული ირანის რეჟიმი „აუტანელ საფრთხეს“ წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთისთვის, ასევე ამერიკელი ხალხისთვის და მან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს იყო „ჩვენი ბოლო, საუკეთესო შანსი დარტყმისთვის“ და „ამ ავადმყოფი და ბოროტი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი აუტანელი საფრთხეების“ აღმოსაფხვრელად.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი უკვე ფლობდა ისეთ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც ევროპამდე და ამერიკულ ბაზებამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.

„მალე კი შექმნიდნენ ისეთ იარაღსაც, რომელსაც კონტინენტურ შეერთებულ შტატებამდე მიღწევის უნარი ექნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შესწევდა უნარი, შეეჩერებინა ეს პროცესი.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანში ოპერაციის მიზნები „ნათელია“, მათ შორისაა „ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება“ და „მათი საზღვაო ძალების განადგურება“, გარდა ამისა, მათთვის ბირთვული იარაღის ქონის თავიდან აცილება.

მან დასძინა, რომ ქვეყანას „არ შეუძლია განაგრძოს ტერორისტული არმიების შეიარაღება, დაფინანსება და მართვა საკუთარი საზღვრების გარეთ“.

ტრამპის თქმით, ქვეყანა გლოვობს ოთხი დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნას.

„მათი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიას სასტიკი და ურყევი გადაწყვეტილებით, რათა გავანადგუროთ საფრთხე, რომელსაც ეს ტერორისტული რეჟიმი ამერიკელ ხალხს უქმნის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, აშშ უკვე „მნიშვნელოვნად უსწრებს“ თავის დროის პროგნოზებს. მან აღნიშნა, რომ დასაწყისში ოთხი-ხუთი კვირა იწინასწარმეტყველეს, თუმცა დასძენს, რომ მათ „გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა“ აქვთ.

„ვიღაცამ თქვა დღეს, პრეზიდენტს სურს, სწრაფად გააკეთოს ეს, მერე მობეზრდებაო. არ მომბეზრდება, ამაში მოსაწყენი არაფერია. ვერ დაგეთანხმებით. ვიღაცამ მედიიდან თქვა, ვფიქრობ, 1-2 კვირაში მობეზრდებაო. არა, ჩვენ არ მოგვბეზრდება. აქ არ ვიდგებოდი ახლა. ჩვენ ასევე ვპროგნოზირებდით, სამხედრო ხელმძღვანელობის გასანადგურებლად ოთხ კვირას, ეს ერთ საათში მოხდა. ასე რომ, გრაფიკს ძალიან ვასწრებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს, რასაც აღმოსავლეთ ოთახში დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა.

GUARDIANGE