საქართველო

დავით უსუფაშვილი: პარლამენტის ქუთაისში განთავსება და სხვა დაწესებულებებისაგან დისტანცირება მისი საქმიანობის ეფექტიანობას მინიმუმ 50%-ით ამცირებს

ჩემი დაკვირვებით, პარლამენტის ქუთაისში განთავსება და სხვა დაწესებულებებისაგან დისტანცირება მისი საქმიანობის ეფექტიანობას მინიმუმ 50%-ით ამცირებს”, აცხადებს “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

“გარდა ამისა, ორ ქალაქში ფუნქციონირების გამო დაახლოებით 15%-ით გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს და თბილისის გაპარტახებული შენობის მხოლოდ სხდომათა დარბაზის (რომელიც უფუნქციოდაა) აღდგენაზე დახარჯულ 20-მდე მილიონ ლარს თუ გავითვალისწინებთ, იბადება კითხვები:

– თუ ოცნება სააკაშვილის ხედვას იზიარებდა და პარლამენტის მოვლენათა ეპიცენტრიდან მოშორება ჰქონდა მიზნად, მაშინ თბილისის შენობაზე რატომღა დავხარჯეთ და ვხარჯავთ ათობით მილიონ ლარს?
– თუ ოცნებას პარლამენტის როლის გაძლიერება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სურს, რატომ არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა (წინა პარლამენტისგან განსხვავებით) მის ხელშია?

ამ მიმართულებით ახალი პრემიერის პოლიტიკურად, მენეჯმენტურად და ფისკალურად გონივრული ინიციატივა კარგი იქნებოდა, მათ შორის, პირადად მისი და სხვა სამთავრობო თანამდებობის პირების დროისა და ხარჯების დაზოგვისთვისაც”, აცხადებს უსუფაშვილი.