საქართველო

დავით ბაქრაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.


„მე ნამდვილად ვიცი, როგორც ჩვენ, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ ორივეს აუცილებლად მიგვაჩნია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ორივეს გვსურს, ქვეყანაში პროპორციული სისტემის შემოღება და მათაც ისევე აწუხებთ გიორგი რურუას ბედი, როგორც ჩვენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ სწორ და საუკეთესო გამოსავლად ამ ვითარებაში მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით იმ სცენარის გამორიცხვა, რომ „ოცნება“ აგდებს პროპორციულ სისტემას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა – 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ. რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.


საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული – პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქების მიხედვით.

GUARDIAN.GE