საქართველო

გიორგი გახარიამ 13 მაისს თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან სამინისტროს კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 შემთხვევა აქვს გადაღებული და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით მოქალაქეთა გადაყვანის საკმაოდ გაზრდილი – 48 შემთხვევა დაფიქსირდა.

„იმიტომ რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, უფრო სწორად, სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. ეს ერთი. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯი“, განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან “თეთრი ხმაურის მოძრაობის“, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აგრეთვე თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც 13 მაისს კლუბებში შევიდა, აღჭურვილი იყო სამხრე კამერი და არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს, „ და დაამატა, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი.“

„დღეის მდგომარეობით არც ერთი ასეთი შემთხვევა [პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება] ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი“, თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ.

„შსს-ს აქვს ძალიან მარტივი პასუხი, ყველა თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით, ამაში კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ კლუბის გარეთ, ქუჩაში მომხდარზე. ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და იქ არ დასტურდება ასეთი ფაქტები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.