საქართველო

გარდაბნის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 28 მარტს საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 787,500.00 ლარია გამოყოფილი.

წინადადებების მიღება 14 აპრილს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

ამავე დღეს, გამოცხადდა ტენდერი ქალაქ გარდაბნის პირველ, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების, ასევე სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 999 300 ლარი იქნება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღიანი ვადა აქვთ.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.