საქართველო

ბაქოში საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს მზარდ ტურისტული პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებზე, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღიარებულია ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფოს უმასპინძლოს მზარდ ტურისტულ ნაკადს წელიწადის ოთხივე სეზონზე.

შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება ასევე გაამახვილა ქართველი და აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორების კოორდინირებულ მუშაობაზე, ერთობლივი ტურ-პაკეტების შემუშავებაზე, ლოჯისტიკურ საკითხებზე მესამე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით. მრგვალი მაგიდის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.