მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს, ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს. კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.

კომი იუსტიციის დეპარტამენტმა ორი ბრალდებით დაადანაშაულა 2020 წელს კონგრესში მის მიერ მიცემული ჩვენების გამო. იგი გახდა პირველი FBI-ის ყოფილი დირექტორი, რომელსაც ბრალი წარედგინა სავარაუდო დანაშაულისთვის.

პირველი ბრალდება ადანაშაულებს კომის „ყალბი განცხადებების გაკეთებაში“, იმის თაობაზე, უშუალოდ მისი მეშვეობით მოხდა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა თუ მან დართო ნება ინფორმაცია FBI- ის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ეხებოდა, მედიისთვის გაჟონილიყო.

მეორე ბრალდება, რომელიც კონგრესის პროცედურის ხელის შეშლას გულისხმობს, ეხება იმას, რომ FBI-ის ყოფილი დირექტორი „კორუმპირებულად ცდილობდა გავლენის მოხდენას, შეფერხებას და დაბრკოლებას გამოძიების უფლებამოსილების სათანადო და ჯეროვან განხორციელებაში“.

კომი ბრალდებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გამოეხმაურა და თქვა, რომ „შიში ტირანის ინსტრუმენტია“ და რომ მას არ ეშინია: „მე უდანაშაულო ვარ. ასე რომ, დაე, გაიმართოს სასამართლო“.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი და განაცხადა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

„არავინ დგას კანონზე მაღლა. დღევანდელი ბრალდება ასახავს იუსტიციის დეპარტამენტის ვალდებულებას, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის. ამ საქმეში ჩვენ ფაქტებს მივყვებით“, – წერს ბონდი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა კომისთვის ბრალის წარდგენას და თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „სამართლიანობა ამერიკაში!“ მან კომის „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანი“ უწოდა, რომელიც კი ამერიკას ოდესმე ჰყოლია.

მანამადე, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კომი, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ ოპონენტთან ერთად, „ჯოჯოხეთურად დამნაშავეა“ და „სამართლიანობა უნდა აღდგეს“.

ჯეიმს კომი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2017 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც ტრამპსა და კომის ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება აქვთ გაკეთებული.

ჯეიმს კომი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის თანამდებობას 2013-2017 წლებში იკავებდა.

საიდუმლო სამსახურმა კომის წინააღმდეგ გამოძიება 2025 წლის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან გააზიარა და შემდეგ წაშალა სოციალური მედიის პოსტი ზღვის ნიჟარებით, რომელიც მოიცავდა ციფრებს „8647“, რაც „რესპუბლიკელებმა“აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ძალადობის წახალისებად მიიჩნიეს. კომიმ თვქა, რომ მან არ იცოდა კონოტაციის შესახებ.

GUARDIANGE