„ჩვენ არა მხოლოდ დავთანხმდით 2020-ში პროპორციული არჩევნების ჩატარებას, არამედ კიდევ უფრო მეტი შევთავაზეთ პოლიტიკურ პარტიებს და ვთქვით, რომ მზად ვართ, ნულოვანი ბარიერით ჩავატაროთ ეს არჩევნები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ამაზე პირველი რეაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ოღონდ ყოველგვარი „საქმიანი არგუმენტების“ გარეშე, რითაც პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნულმა ოპოზიციურმა ძალამ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.
„პრაქტიკულად მათ საქმიანი არგუმენტები არ თქვეს. თქვეს, რომ ეს არის მიუღებელი და ამით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა რა? ეს იყო ლუსტრაცია და ამით გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც აქამდე ოპოზიციაში ცდილობდა ექსკლუზივის დამკვიდრებას; ცდილობდა, რომ ოპოზიცია მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ცდილობდა, რომ ოპოზიციისთვის მიეცა მხოლოდ პატარა გასასვლელი, ისიც მათი საშუალებით, რომ ოპოზიციას შეექმნა ფიქტიური ბლოკები მათთან ერთად; რომ ოპოზიცია გაფორმებულიყო ფურცელზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ასე შესულიყო არჩევნებში და ოპოზიციურ პარტიებს დაეთმოთ თავისი იდეოლოგია, თავისი ბრენდი, თავისი შეხედულებები პოლიტიკაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დამდგარიყვნენ. ანუ ეს იყო მათი ხელწერა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ეს არის მათი ხელწერა, როცა ისინი არიან ოპოზიციაში“, აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
იგი არ ეთანხმება ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საარჩევნო ბლოკების გაუქმება პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას უშლის ხელს და აცხადებს, რომ პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით, ერთჯერადად იქნება ერთგვარი „რისტარტი“ პოლიტიკური პარტიებისათვის.
„ვერ დავეთანხმები მათ. თუ მათ სურთ გაერთიანება, მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ და ერთი პარტიით მიიღონ მონაწილეობა და ნულოვანი ბარიერი რეალურად მინიმუმამდე ამცირებს იმის ალბათობას, რომ ვიღაცას იძულებით მოუწიოს გაერთიანება სხვა პარტიასთან. ამიტომ, ორივე შესაძლებლობა სახეზეა და რეალურად, ნულოვანი ბარიერი, მე ასე ვხედავ, რომ პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით ერთჯერადად იქნება ერთგვარი „რისტარტი“ პოლიტიკური პარტიებისათვის, ყველასათვის და ამ „რესტარტის“ შემდეგ უკვე პოლიტიკურ სისტემას შეუძლია მოემზადოს ბარიერიანი პროპორციული არჩევნებისათვის 2024 წელს, რომელიც არის ევროპული პრაქტიკა“, განაცხადა თალაკვაძემ.
guardian.ge