საქართველოს პარლამენტმა, 94 ხმით, ერთხმად, თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩია.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გადადგომის შესახებ, ხოლო სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფარული კენჭისყრის ჩატარებამდე, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
არჩილ თალაკვაძე: „ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო.”
საქართველო
არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

