საქართველო

არჩილ თალაკვაძე: დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.

დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მწამს, რომ ამ შრომის შედეგად, ჩვენ გავხდებით დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.

გილოცავთ ყველას, ვინც სიამაყით ატარებთ და ასახელებთ ქართულ დროშას – განსაკუთრებით, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც ზუსტად იცით, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.