ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

NATO-ს კომუნიკე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; დაასრულოს მილიტარიზაცია ამ რეგიონებში

ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახლმწიფოებისა და მათი მეთაურების სახელით ვრცელი კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის მე-14 პუნქტში საუბარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვასაც ეხება. მასში ხაზგასმულია ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მხარდაჭერა და მოწოდებულია რუსეთისადმი, რომ გაიყვანოს  სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მის მიერ ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე განლაგებული სამხედრო ძალები ამ სამივე ქვეყნიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერ და არალეგიტიმურ ანექსიას, და მის დროებით ოკუპაციას. უნდა დასრულდეს ადამიანის უფლებების დარღვევა და ძალადობრივი ქმედებები ყირიმელი თათრებისა და სხვა ადგილობრივი თემების წინააღმდეგ. რუსეთის ბოლოდროინდელმა მასობრივმა მილიტარიზაციამ და მადესტაბილიზირებელმა ქმედებებმა უკრაინაში და მის გარშემო, კიდევ უფრო გააძლიერა დაძაბულობები და ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან დაიხიოს მისი სამხედრო ჩართულობისაგან და შეწყვიტოს ნაოსნობის შეზღუდვები შავი ზღვის ზოგიერთ ნაწილში… ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს რუსეთი და მისი განხორციელების თვალსაზრისით მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება, რაც გამოხატულია ფინანსური და სამხედრო დახმარებით იმ შეიარაღებული ფორმირებებისადმი, რომელსაც ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე; დაასრულოს მისი მილიტარიზაცია ამ რეგიონებში და მცდელობები, საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გაგრძელებით, ძალით განაცალკევოს ისინი დანარჩენი საქართველოსაგან; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კვლავინდებურად მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატს“, ნათქვამია ნატოს კომუნიკეს მე-14 პუნქტში.