მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

NASA-ს ასტრონავტები დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ კოსმოსში „სანახაობრივ მომენტს“ აღწერენ

„არტემის II“-ის მისიამ დაასრულა ძრავის კრიტიკული წვა, რომელიც ორიონის კოსმოსურ ხომალდს მთვარის შორეული მხარისკენ მიმავალ გზაზე ამოძრავებს. „კაცობრიობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა კანადელმა ასტრონავტმა, ჯერემი ჰანსენმა ძრავის წვის დასრულების შემდეგ.

კოსმოსიდან პირდაპირ ეთერში გადაცემულ ინტერვიუში, მეთაურმა რიდ უაისმენმა დედამიწის „პოლუსიდან პოლუსამდე“ „სანახაობრივი“ ხედი აღწერა.

ეკიპაჟმა დაასრულა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრეს მისიის მნიშვნელობაზე, კოსმოსში ცხოვრებასთან ადაპტაციასა და დედამიწის „სანახაობრივ“ ხედზე.

„თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მთელი მსოფლიო პოლუსიდან პოლუსამდე, შეგიძლიათ დაინახოთ აფრიკა, ევროპა და თუ კარგად დააკვირდებით, ჩრდილოეთის ციალიც“, – განაცხადა „არტემის II“-ის მეთაურმა რიდ უაისმენმა პრესკონფერენციის დასაწყისში და აღწერა ის მომენტი, როდესაც ეკიპაჟმა დედამიწა მთლიანობაში დაინახა.

„ეს იყო ყველაზე სანახაობრივი მომენტი და ოთხივე გავშეშდით“.  მისიაში მონაწილე ოთხი ასტრონავტია, მათ შორის მეთაური უაისმენი, „არტემის II“-ის პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები – კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი ამბობს, რომ გუნდი აცნობიერებს ისტორიული მისიის „სიმძიმეს“, რომელიც ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან უფრო შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე სხვა ადამიანი წასულა.

„ამაში არაფერია ნორმალური… [ეს] ჰერკულესისეული ძალისხმევაა“, – ამბობს ის.

„უბრალოდ, ვგრძნობთ, რომ გუნდი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, გვამხნევებს“, – დასძენს ჯერემი ჰანსენი.

როდესაც აშშ-ში არსებული დაყოფების შესახებ ჰკითხეს, პილოტმა ვიქტორ გლოვერმა ამერიკელებს მისიის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ ან როგორ გამოიყურები, ჩვენ ერთი ხალხი ვართ“, – ამბობს ის.

როგორც BBC შენიშნავს, გაურკვეველია, ეხებოდა თუ არა რეპორტიორის კითხვა კონკრეტულად NASA-ს „არტემისის“ პროგრამასთან დაკავშირებულ უთანხმოებებს. ზოგი ამაყობს მისით, როგორც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პროექტით, ზოგი კი სკეპტიციზმით არის განწყობილი მისი მაღალი ღირებულებისა და ტექნიკური ხარვეზების გამო.

მთვარეზე მიმდინარე მისია ასევე აშშ-ში პოლიტიკური დაყოფის გაღრმავების ფონზე მიმდინარეობს.

„ჩვენ საოცარ რაღაცებს, რასაც ადამიანები აკეთებენ, გარკვეული მიზეზის გამო „მთვარის დარტყმებს“ ვუწოდებთ. ამ მისიამ გვაჩვენა, რისი გაკეთება შეგვიძლია, როდესაც არა მხოლოდ გვერდზე ვდებთ ჩვენს განსხვავებებს, არამედ როდესაც ამ განსხვავებებს გავაერთიანებთ რაიმე დიდის მისაღწევად“, – თქვა გლოვერმა.

NASA პროცედურას „უნაკლოდ“ აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ასტრონავტი „შესანიშნავად“ გრძნობს თავს.

BBC-ის სამეცნიერო კორესპონდენტის განმარტებით, კოსმოსურმა ხომალდმა წვა დედამიწასთან შედარებით ორბიტის ყველაზე დაბალ წერტილში დაიწყო.

ამ მისიის დროს მთვარეზე არავინ დაეშვება, ორიონის კაფსულა უბრალოდ მის გარშემო შემოუვლის.

„არტემის II“-ის ეკიპაჟი მზის დაბნელებას კოსმოსიდან იხილავს

მისიის გაგრძელებისას, ეკიპაჟი ორშაბათს, მთვარეზე გადაფრენისას, ერთსაათიან მზის დაბნელებას დააკვირდება.

ხუთშაბათს დილით, 2 აპრილს, (GMT) სავსე მთვარე იყო და, როგორც წესი, სწორედ ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მთვარის დაბნელება – როდესაც დედამიწა ზუსტად მთვარესა და მზეს შორისაა და მისი ჩრდილი მთვარის ზედაპირზეა მოქცეული, რაც მას აბნელებს.

თუმცა, „ორიონის“ კოსმოსური ხომალდის პერსპექტივიდან, მზე მთვარის უკან გადაადგილებისას ხედვისგან დამალული იქნება, განაცხადა „არტემის II“-მა მისიის სტატუსის განახლებისას.

„ამ დროისთვის ეკიპაჟი ძირითადად მუქ მთვარეს დაინახავს, რაც ქმნის შესაძლებლობას, დააკვირდნენ მთვარის ზედაპირზე დაცემული მეტეოროიდების სინათლის ციმციმებს, მთვარის კიდის ზემოთ აწეულ მტვერს და ღრმა კოსმოსურ სამიზნეებს, მათ შორის პლანეტებს“, – წერენ ისინი განახლებაში.

ეკიპაჟი ასევე დააკვირდება მზის უკიდურეს ატმოსფეროს, რომელიც ცნობილია როგორც მზის გვირგვინი, სანამ ის ხილული იქნება.

1960-იან წლებში პირველი ეკიპაჟიანი კოსმოსური მისიების შემდეგ, კოსმოსიდან მზის დაბნელება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უნახავს.

კოსმოსში ძილი „კომიკურია, მაგრამ კომფორტული“ – ეკიპაჟის მეთაური

ჯგუფის მეთაურმა, რიდ უაისმენმა, „ორიონის“ ვიწრო სივრცეში ძილის მოხერხების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ კრისტინა კოხს თავდაყირა სძინავს – „ღამურასავითაა ჩამოკიდებული“, ხოლო ჯერემი ჰანსენს „მონიტორის ეკრანის ქვეშ სძინავს“, იმ შემთხვევისთვის, თუ რამე ცუდად წავა.  პილოტი ვიქტორ გლოვერი კი კოსმოსურ აღჭურვილობასა და კოსმოსური ხომალდის ჭერს შორის ვიწრო კუთხეში ეტევა, დასძენს უაისმენი.

„კომიკურია… [მაგრამ] უფრო კომფორტულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, – თქვა მან. „ისე, უწონადობაში ძილი სასიამოვნოა“.

კოსმოსში მყოფი ასტრონავტები აღფრთოვანებულები არიან და ბევრ ფოტოს იღებენ – იმდენს, რომ კოსმოსური ხომალდის ფანჯრებიც კი დაბინძურებულია.

„ჩვენ ვხედავთ დედამიწის ბნელი მხარის ულამაზეს ხედს, რომელიც მთვარემ გაანათა“, – განუცხადა ჰიუსტონს მისიის სპეციალისტმა ჯერემი ჰანსენმა.

ეკიპაჟი „ფანჯრებზე იყო მიჯაჭვული“ და სადილის ნაცვლად ფოტოებს იღებდა.

მალევე, მეთაურმა რიდ უაისმენმა კვლავ ჰიუსტონში დარეკა, რათა ეკითხა, როგორ გაწმენდილიყო ფანჯრები, რომელიც ასტრონავტების კოსმოსში ხედვის ენთუზიაზმმა დაბინძურებული დატოვა.

NASA-ს სახმელეთო ჯგუფებმა შესაბამისი პროცედურების მოძიების შემდეგ უკან დარეკეს და ეკიპაჟს წყლისა და მშრალი ხელსახოცის გამოყენება დაავალა.

NASA ასტრონავტების ფოტოებს კოსმოსიდან გადმოწერის შემდეგ საჯაროდ გაავრცელებს.

ორიონიდან გადაღებული რამდენიმე ხედი

BBC აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება NASA-ს აქტივობას, რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენებს ორიონის კოსმოსური ხომალდიდან გადაღებულ ხედებს. ზოგჯერ კადრი ბუნდოვანი ხდება და კაშკაშა ლურჯ ფერში გადადის, ზოგჯერ კი ძალიან ბუნდოვანია.  თუმცა, დროდადრო, რაღაც უფრო ამოსაცნობი ხედები იკვეთება.

ამ „სქრინშოტში“ მარცხენა მხარეს ორიონის ნაწილის ნახვა შეგიძლიათ.
ამ კადრში დედამიწაა ნაჩვენები, ორიონი კი მარცხენა მხარესაა.
ეკრანის მარჯვენა მხარეს მდებარე პატარა წერტილი გვიჩვენებს, თუ როგორ ქრება დედამიწა შორს, როდესაც კოსმოსური ხომალდი კოსმოსში მთვარისკენ მიემართება.

ყველა ულამაზესი ფოტოსა და ისტორიული სათაურის მიუხედავად, NASA გამუდმებით ხაზს უსვამს, რომ „არტემის II“, უპირველეს ყოვლისა, გამოცდაა და ეს მათ არაერთხელ აღნიშნეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ეს მისია ეხება იმის გარკვევას, თუ როგორ იქცევა სინამდვილეში მათი კოსმოსური გაშვების სისტემა, ორიონის კაფსულა და ადამიანების გუნდისაგან შემდგარი ეკიპაჟი ღრმა კოსმოსში, რათა ერთ დღეს მათ შეძლონ ასტრონავტების უსაფრთხოდ გაგზავნა მთვარის ზედაპირზე.

ეს 1972 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები დედამიწის ორბიტას ტოვებენ.

ძრავის წვა „უნაკლო“ იყო, განმარტავს დოქტორი ლორი გლეიზი, რომელიც „არტემისთან“ დაკავშირებულ განვითარებასა და ოპერაციებს ხელმძღვანელობს.

პრესკონფერენციაზე „არტემისის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლორი გლეიზმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი და კოსმოსური ხომალდი ჯანმრთელები არიან და „ჩვენს მიერ დაგეგმილ გზაზე არიან“, თუმცა მან დასძინა, რომ მომდევნო რვა დღე ფრენიდან „ყველაფრის ამოწურვას“ ეძღვნება, რისი შესწავლაც ამ ხომალდს შეუძლია“.

ინჟინრებმა უკვე შეაგროვეს ღირებული მონაცემები ასვლაზე, იმის შესახებ, თუ როგორ დაფრინავს ორიონი.

„ასცენტის“ ფრენის დირექტორმა ჯად ფრილინგმა განაცხადა, რომ კოსმოსური გაშვების სისტემამ „ორიონი“ ზუსტად იმ ადგილას განათავსა, სადაც ის ორბიტაზე უნდა ყოფილიყო და მას შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი წვა – მათ შორის დღევანდელი ტრანსმთვარის ინექცია – გეგმის მიხედვით განხორციელდა.

„ორიონის“ მენეჯერმა ჰოვარდ ჰუმ ეს „მანქანის სატესტო მართვას“ გაუტოლა და თქვა, რომ მათ ხელით ფრენის ყველა მიზანი შეასრულეს.

ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა: არის მცირე ხარვეზები, რომლებიც უნდა გადაიჭრას, თუმცა NASA-ს ცნობით, ისინი, ალბათ, აღფრთოვანებულები არიან იმით, თუ რამდენად კარგად იმუშავა როგორც რაკეტამ, ასევე Orion-მა Artemis-ის მისიის მხოლოდ მეორე სატესტო ფრენისას.

NASA-ს ცნობით, უპილოტო ხომალდმა „არტემის I“-მა – ამჟამინდელი მისიის წინამორბედმა მათ მრავალი სისტემის თვალყურის დევნებისა და შესაბამისად მომზადების საშუალება მისცა.

guardiange