მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთი „უზარმაზარ საფრთხეს“ წარმოადგენს აშშ-ისთვის

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, ქრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ ჯაშუშობის და ქურდობის ქმედებები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „უზარმაზარ გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს.

ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში საუბრისას FBI-ის დირექტორმა თქვა, რომ ჩინეთმა მიზანში ამოიღო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელები, მუშაობს რა მათი ჩინეთში იძულებით დაბრუნებასა და აშშ-ის კორონავირუსის კვლევის კომპრომიტირებაზე.

„ჩინეთი მთელი სახელმწიფო აპარატის ძალისხმევით არის ჩართული ყველანაირი საჭირო საშუალებით მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფო გახდეს“, განაცხადა მან.

როგორც BBC იტყობინება, თითქმის ერთსაათიან სიტყვაში, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა ჩინეთის ჩარევის, ეკონომიკური ჯაშუშობის შორსმიმავალი კამპანიის, მონაცემებისა და ფულადი ქურდობის და არაკანონიერი პოლიტიკური ქმედებების, აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ქრთამისა და შანტაჟის გამოყენების სრული სურათის კონტურები მოხაზა.

„ჩვენ ამჟამად მივაღწიეთ მიჯნას, სადაც FBI ახლა ხსნის ჩინეთთან დაკავშირებულ ახალ კონტრდაზვერვის შემთხვევას ყოველ 10 საათში. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 000 აქტიური კონტრდაზვერვითი შემთხვევა ამჟამად დამუშავების პროცესშია, თითქმის ნახევარი ჩინეთთანაა დაკავშირებული“, განაცხადა რეიმ.

FBI-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხელმძღვანელობს პროგრამას სახელწოდებით, „მელაზე ნადირობა“ – „Fox Hunt“, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები იმ ჩინელების ჩართულობისკენაა მიმართული, რომლებიც ჩინეთის მთავრობის საფრთხედ არიან მიჩნეულნი.

„ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, დისიდენტების და ჩინეთის ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევების გამოაშკარავების მცდელობაში ჩართულ კრიტიკოსთა შესახებ. ჩინეთის მთავრობას სურს აიძულოს ისინი, რომ დაბრუნდნენ ჩინეთში, და ჩინეთის ტაქტიკა, მიაღწიოს ამას, შოკისმომგვრელია“, განაცხადა FBI-ის დირექტორმა.

მან განაგრძო: „როდესაც ის „მელაზე ნადირობის“ სამიზნის ადგილმდებარეობას ვერ აგნებს, ჩინეთის მთავრობა აგზავნის ჯაშუშს სამიზნე პირის ოჯახში აქ, შეერთებულ შტატებში და გზავნილი, რასაც ისინი გადასცემენ ოჯახს, როგორია? სამიზნე პირს აქვს ორი არჩევანი: დაბრუნდეს ჩინეთში სასწრაფოდ ან მოიკლას თავი“.

თავის უჩვეულო მიმართვაში რეიმ სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ჩინური წარმოშობის მოქალაქეებს დაეკონტაქტონ FBI-ის თუკი ჩინეთის ოფიციალური პირები მათ ჩინეთში დაბრუნებას აიძულებენ.

FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზე რეაგირებას მომავალ კვირებში აშშ-ის გენერალური პროკურორი და სახელმწიფო მდივანი მოახდენენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი კორონავირუსის აფეთქების პირველივე დღეებში უაღრესად კრიტიკული იყო ჩინეთის მიმართ. მან არაერთხელ დასდო ბრალი პეკინს და გლობალურ პანდემიაზე მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი, მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინური აპლიკაციების, მათ შორის ძალზე პოპულარული TikTok-ის აკრძალვის შესახებ მუშაობს.

როგორც პომპეომ თქვა, ეს აპლიკაციები „ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო დაზვერვის დანამატებს“ წარმოადგენს.

GUARDIAN.GE