თბილისის ხეჩინაშვილის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათი გაგრძელდა, დასრულდა.
ეს მეორე ოპერაცია იყო, რომელიც მას ჩაუტარდა, მანამდე პაციენტს ოპერაცია გულ-მკერდის მიდამოში გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პაციენტს თავისა და გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვს მიყენებული.
„აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდი ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა, პოლიტრავმა ეს უკვე მძიმე პათოლოგიაა“, – აცხადებს ექიმი გიორგი გვახარია, რომლის სიტყვების ციტირებასაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კლინიკაში მყოფ ახლობლებს დაჭრილის შესახებ ბოლო ინფორმაცია პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიაწოდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა.
„უმძიმეს მდგომარეობაში შემოყვანის შემდგომ სასიცოცხლო ჩვენებით ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ჩატარდა გულ-მკერდის არეში თოროკალური, ქირურგიული ოპერაცია. ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც სამწუხაროდ გამოიკვეთა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი სისხლჩაქცევები, სწორედ ამიტომ, ასევე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სასწრაფოდ დაიწყო ნეიროქირურგიული ოპერაცია. თუ კი ექიმების გადაწყვეტილებით დამატებითი დახმარება იქნა საჭირო, ბუნებრივია სრულ მზადყოფნაშია თანამშრომლობისთვის კლინიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთავრობის მხრიდან ასევე საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, განაცხადა მარიამ ჯაშმა, როგორც ამას „რუსთავი 2“ იტყობინება.
ინციდენტი საღამოს 7 საათისთვის, ვერაზე, გალის ქუჩაზე მოხდა. სახელდება ვინმე დავით ბაჯელიძე, რომელიც ცოტნე გამსახურდიას თავს დაესხა. დაშავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.
guardian.ge

