საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას მხარი დაუჭირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას პარლამენტის პლენარულმა სხდომამ კენჭისყრით, 91 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარია, მირიან წიკლაური კენჭისყრაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ხმა არ მისცეს.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხმა მისცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა კი თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ პლენარულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, თუმცა დარბაზში სხდომის მთელი მიმდინარეობისას იმყოფებოდა თავად ნიკა მელია.

მანამდე აღნიშნულ წინადადებას კენჭისყრით ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ (15 მომხრე – 4 წინააღმდეგი), რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაახლოებით 6 საათი მიმდინარეობდა.