საქართველო

დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა პოლონეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პოლონეთ-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რასაც მისი შეფასებით ამყარებს ორი ქვეყნისა და ერის ისტორიული მეგობრობა. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი გახლავთ  საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი  როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

საუბარი წარიმართა საქართველოს სამთავრობო პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, მათ შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელშესახებ შედეგზე.

ხაზი გაესვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს საქართველოს იმიჯისა და ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. პოლონეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოსთვის დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობა და ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის განსამტკიცებლად. მათ შორის ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროექტებზე, დიასპორული პროექტების დაფინანსების მექანიზმზე, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ერთიანი ვებ-პორტალის შექმნის ინიციატივაზე და სხვა. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის  აქტიურ ძალისხმევაზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების მიმართულებით. ამ კუთხით დადებითად შეფასდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად პოლონეთში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

შეხვედრა კითხვა პასუხი რეჟიმში წარიმართა.  დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრების პრაქტიკის მიმართ, რაც მათი თქმით, საშუალებას აძლევს მხარეებს გააზიარონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.