საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოხდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერა და შემდეგ დასახელდებიან მოსამართლეობის კანდიდატები.
„პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის თანამშრომლობას…. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი საჭიროებს სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანას გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში – 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28 მოსამართლის ნაცვლად, რაც ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა.
ასევე გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე – ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა, პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერა, ესეც უნდა გაკეთდეს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული მათ შორის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, სამივე შტოს წარმომადგენლები ხელისუფლების ზოგადად – იმ ფორმატშიც გვექნება განხილვა”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.