გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ, აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მინიშნებებს არ მიიღებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ გუნდში ახლები არიან.
„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, წარიმართოს სწორად, სამართლიანად და გამოვრიცხოთ რამე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და ჩვენი მოსახლეობის განწყობებთან.
ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გუნდს, რომლის ერთ-ერთი პირველი დაფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მე გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ და ვერავინ ვერ მასწავლის. რა არის გუნდურობა, რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე აღება პასუხისმგებლობის სხვის ნაცვლად, ამას მე ვერ მასწავლიან ნამდვილად ის ადამიანები განსაკუთრებით, ვინც ძალიან ახლები არიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე არ მინდა ამაზე შორს წავიდე დღეს, მე აქ დავსვამდი წერტილს.
შექმნილ ვითარებში, იუსტიციის საბჭომ, რომლის საქმიანობაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით და არ ვერევით, უნდა გაიაზროს კარგად გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები და უნდა გაიაზროს ყველამ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ამომრჩეველს ვუთხარით ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ ჩვენ მივალთ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ვიდრე ვიყავით – რომ იმ პრობლემებს, რის გამოც განაწყენდა ჩვენი ამომრჩეველი, ამას ვუპასუხებთ უფრო ადეკვატურად და ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ზუსტად შესატყვისი ამ დაპირებების. მე არ მინდა ავცდე იმ მთავარ ხაზს, რომლისთაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავუახლოვდეთ ჩვენს ამომრჩეველს და არა დავშორდეთ”, აცხადებს ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 27 დეკემბერს განაცხადა.
ეკა ბესელიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
წყარო: guardian.ge