საქართველო

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შონიამ, რომლის მიმართაც გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით) – საუბარია 10 000 დოლარის მიღების ფაქტზე – ნაწილობრივ აღიარა ბრალი, თუმცა თქვა, რომ მას ეს თანხა უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია.

სხდომის დასრულების შემდეგ შონიამ სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

ადვოკატ იზა კალატოზიშვილის განცხადებით, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანისთვის განკუთვნილი, რაც ბიზნესმენმა გადარიცხა მისი კეთილი ნებით. აუცილებლად მოხდება ამ თანხის დეკლარირება“, განაცხადა ადვოკატმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 10 000 დოლარი შონიას რამე ქმედებისთვის არ აუღია.

ეჟიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირებიც არიან ბრალდებული, მათ შორის ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში.

„21 000 დოლარი რომ ქრთამის სახით აიღეს, ეს დასტურდება. შონიას შემთხვევაში, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით უკანონო საჩუქრის მიღება მტკიცდება. პროკურორის თქმით, შონიას გვარი დანარჩენი ოთხი პირის ბრალდების საქმეში არსებულ ჩანაწერში გამოიკვეთა და ამ მოტივით გაერთიანდა საქმეები“, განაცხადა პროკურორმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.