საქართველო

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების”, განმარტა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მორალური ვალდებულებაა.

„აქ არის მორალური ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის მორალური ვალდებულება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ეს არგუმენტი და გავახანგრძლივოთ ამ ეტაპზე 5 წლით ხანდაზმულობის ვადა”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.