ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.