საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ეკა გიგაურის წინააღმდეგ – „2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა რომ მოხდა, 183 თუ 190 სპეცრაზმის თანამშრომელს ეკა გიგაური უწერს პრემიებს და არც ისე პატარა პრემიებს“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭივრვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გიგაური აღიარებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, მან უნდა დატოვოს სამოქალაქო სექტორი.

„ეკა გიგაურს მე შევახსენებდი და შევახსენებ საზოგადოებას, უკვე სამი წელიწადია, სასამართლოში არ ცხადდება მისსავე დაწერილ საჩივარზე. მან უჩივლა გოგა ხაინდრავას, რომ  არასწორად მოიხსენიებს გოგა ხაინდრავა მას, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა რომ  მოხდა, ეკა გიგაური ხელს აწერს – სასამართლოში წარდგენილია საბუთები – 183 თუ 190 სპეცრაზმის თანამშრომელს ეკა გიგაური უწერს პრემიებს და არც პატარა პრემიებს – 1 500, 1 300, 1 700 ლარი. ეკა გიგაური, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო იმ შემთხვევაში, 7 ნოემბერს ხომ მოხდა დარბევა, თუ არ მეშლება 14 ნოემბერს თუ 15 ნოემბერს პრემიებს გასცემს და 21 ნოემბერს ეკა გიგაური ღებულობს ვადაზე ადრე კაპიტნის წოდებას – მერაბიშვილი ანიჭებს კაპიტნის წოდებას. ეს უთხრა გოგა ხაინდრავამ მას თავის დროზე. ლეიტენანტიც არ იყო იმ პერიოდში და უეცრად კაპიტანი ხდება. ახლა, ეს ქალბატონი დღემდე რომ ვერ ჩერდება ვერაფრით რა და ამ დროს, ეს წარსული მისია, ჩემი არ არის. სასამართლოში არ ცხადდება. იცის, რომ სასამართლოს ეს საბუთები უდევს, მან უჩივლა გოგა ხაინდრავას ცილისწამებისთვის. უკვე რამდენიმე პროცესი იყო, არც ერთზე არ მიდის ეს ქალბატონი იმიტომ, რომ იცის, რომ ეს სწორია. და თუ ეს სწორია, რომ მან სპეცრაზმელებს პრემიები გადაუხადა, მაგას რა უფლება აქვს, რომ საზოგადოებაში არის?! ჩემი რჩევა იქნებოდა კიდევ ერთი, თუ ის პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოებას, არა მე…. ეკა გიგაურის იქ ყოფნა ძალიან აზიანებს ამ სექტორს. მან კეთილი ინებოს, და თუ აღიარებს, რომ ეს ასე იყო, მან უნდა დატოვოს ეს სექტორი და საშუალება მისცეს, რომ ასეთმა ადამიანმებმა არ დაუკარგონ ხიბლი სამოქალაქო სექტორს”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრისას და ეჭვი გამოთქვა, რომ გიგაური ალბათ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს “დავერბოვკებული” და ამიტომ მოქმედებს ამგვარად.