„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებით, „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 სექტემბერს შეეფარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით 24 სექტემბერს დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.
სუსის ცნობითვე, თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

