საქართველო

გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილისგან რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს ითხოვს: „არაფერი გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების არაერთ შეკითხვას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.

„რამდნიმე კვირაა, რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობისა და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებიც ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო ან აუდიოფაილების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს ქართული საზოგადოება, მუდმივად საუბრობს გაერთიანებული ოპოზიცია, მუდმივად საუბრობს ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, მაგრამ არაფერი, არც ერთი სიტყვა გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე, ეთანხმება პუტინს, მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველომ დაიწყო.

საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე:პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრობისას, რატომ არ მისცა მან ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას;

რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, უკანონო გარიგება დათუნა სარალიძის საქმეზე და მის მკვლელებზე ხელის დაფარება;

რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს კომპანია „ომეგას” დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელევიზია „იბერიას” დახურვაზე, რისი სულიჩამდგმელი და ორგანიზატორები ივანიშვილი და ფარცხალაძე იყვნენ;

რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სასახლეებზე, რომლებიც მათ შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, შეძენილია კორუფციის გზით”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

წყარო guardian.ge