საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: ჯონ მაკკეინის სახით ქართველმა ხალხმა დიდი მეგობარი დაკარგა, რომელიც იყო პატრიოტიზმის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს გამოთქვამს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. პრეზიდენტის განცხადებაში წერია, რომ ქართველმა ხალხმა დიდი მეგობარი დაკარგა და მაკკეინი იყო პატრიოტიზმის და სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.

მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში“, წერია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯონ მაკკეინი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გასულ წელს ტვინის კიბო დაუდგინეს, დეკემბრის შემდეგ ვაშინგტონში არ გამოჩენილა და მის მშობლიურ არიზონაში იმყოფებოდა.