საქართველო

მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვითარება კატასტროფულია

ბიძინა ივანიშვილმა „ენ-დი-აის“ რეიტინგების ეს კლება დაინახა, მიხვდა, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ვითარება კატასტროფულია – ეკონომიკური განვითარება შეჩერებულია, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა კი – მორღვეული, აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე.

იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ვეტერანები, რომელთაც „ლომის წილი შეიტანეს 2012 წელს პარტიის გამარჯვებაში, ან სრულად ჩამოაშორეს პარტიას, ან ხელოვნურად გარიყეს“.

„სწორედ ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. დაცემულ რეიტინგს პლუსი ის აქვს, რომ ასე მაინც ნათლად ხედავენ, რამდენად დიდია პრობლემები და ამიტომაც დაანონსეს ცვლილებები. პრემიერის პირველი ნაბიჯები და ინიციატივები სწორედ ამ ცვლილებებზეა ორიენტირებული“, მიაჩნია ექსპერტს, რომლის თქმითაც, თუკი ხელისუფლების მხრიდან უფრო ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაიდგმება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ დიდი პრობლემები შეექმნება“.

„რამდენიმე ექსპერტთან ერთად მომეცა საშუალება, შევხვედროდი მამუკა ბახტაძეს. უნდა გითხრათ, რომ საინტერესო ხედვები აქვს. თუნდაც უსაფრთხოების მიმართულებით კარგად იცნობს ვითარებას, რაც ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ეს ყველაფერი კი მაძლევს იმედს, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა მიმართულებებითაც ბახტაძე რეალურ ცვლილებებს გაატარებს. საქართველოს დღევანდელი პრემიერი აცნობიერებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაშია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, კარგად ესმის ის მძიმე შედეგები, რაც მოიტანა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დარღვეულმა კომუნიკაციამ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგმება. ძალიან არ მინდა, იმედი გამიცრუვდეს, ეს არც საზოგადოებას სურს. სხვა შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ დიდი პრობლემები შეექმნება“, აცხადებს არეშიძე.